“იბერიონი - თუ მსურს შევცვალო საქართველო,
უნდა შევიცვალო მე”
ზოგს ჰგონია საქართველოს "ეს" გადაარჩენს. ზოგს - "ის". ზოგს დასავლეთისკენ მიუპყრია მზერა, ზოგსაც _ დაუელამდა. ზოგი პოლიტიკას ანიჭებს უპირატესობას, ზოგი - ეკონომიკას. არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს ეგრეთ წოდებული "გადარჩენა" სხვაგან არსად არ არის - პირდაპირ მათშია. ანუ, საკუთარი თავიდან იწყებენ. ასეთ ჯგუფთაგან ერთ-ერთია "იბერიონი". ისინი საკუთარ თავის შეცვლაზე მუშაობენ და გულწრფელად სჯერათ, რომ საქართველოს სიცოცხლისუნარიანობის გარანტია მხოლოდ მისი მოქალაქის თვისობრივი ცვლილებაა. რასაც აკეთებენ, აკეთებენ გულწრფელად და უანგაროდ. არ ითხოვენ ხმებს, ძალაუფლებას, პოპულარობას... ისინი მზად არიან იქით დაეხმარონ ნებისმიერს.
დღეს ჩვენი სტუმარია საზოგადოება "იბერიონის" ერთ-ერთ დამფუძნებელი, მედიცინის დოქტორი, ექიმი ენდოკრინოლოგი, ჰომეოპათი, ენერგო-ინფორმაციული მედიცინის ექსპერტი, საერთაშორისო ჰომეოპათიური ლიგის წევრი, ბატონი თამაზ ფირცხალავა.
კორ.: ბატონო თამაზ, დღეს საქართველოში სხვადასხვა სახის ჯგუფებად ერთიანდებიან ადამიანები, ყველას რაღაც მიზეზი, მოტივაცია აქვს. რა მოტივაცია, რა ჩანაფიქრი გაქვთ თქვენ და რა ამოცანას ასრულებთ?
თ.ფ.: დღეს საქართველოში ყველა ჯგუფი და გაერთიანება თავისებურად ცდილობს ემსახუროს სამშობლოს და თავისი წვლილი შეიტანოს მის აღმშენებლობაში. ზოგი ცდილობს გააუმჯობესოს კონსტიტუცია, სამართალი, დემოკრატია, საარჩევნო სისტემა, ეკონომიკა, თავდაცვა, განათლება, მედიცინა და სხვა...
თანამოაზრეთა ჯგუფი “იბერიონი” კი შეიქმნა იმიტომ, რომ მის წევრებს განსხვავებული შეხედულება აქვთ იმაზე, თუ რას ნიშნავს "ძლიერი და განვითარებული საქართველო".
ჯგუფი „იბერიონი” თვლის, რომ სახელმწიფოს ძლევამოსილება, უპირობოდ, საზოგადოების ძლევამოსილებით განისაზღვრება, ხოლო საზოგადოების სიძლიერე – ადამიანის სიძლიერით. ადამიანის ძლევამოსილება კი მის ღვთიურობაშია და განისაზღვრება დედამიწაზე მისი ღვთიური დანიშნულების აღსრულებით. ამიტომ, ”იბერიონის” მიზანია ადამიანის მიერ საკუთარი თავის შეცვლა უკეთესობისაკენ: ”თუ მსურს შევცვალო საქართველო, უნდა შევიცვალო მე”. თუ როგორ უნდა შევიცვალოთ ღვთიური თვისებების მსგავსად, როგორ გამოვავლინოთ და განვავითაროთ მოყვასის სიყვარული, უანგაროდ სიკეთის გაცემა და თანამსახურება – ამის სწავლება ხდება ”იბერიონში”. ღვთიური თვისებების მსგავსად შეცვლილი ადამიანი აშენებს ასეთივე თვისებების მქონე შეცვლილ საზოგადოებას, საქართველოს.
მეცნიერება კაბალას შესწავლამ “იბერიონი” კიდევ უფრო დაარწმუნა საკუთარი არჩევანის მართებულობაში. რაც მთავარია, კლასიკურმა კაბალამ, იბერიულ სიბრძნესთან ერთად მოგვცა უნიკალური მეთოდი აღნიშნულის განსახორციელებლად ცხოვრებაში.
კორ.: გაერთიანებათა რომელ კატეგორიას უფრო შეიძლება მივაკუთვნოთ თქვენი ჯგუფი: პოლიტიკურს, ეზოთერულს, კულტურულს, პროფკავშირულს, მეცნიერულს თუ კიდევ სხვას?
თ.ფ.: ”იბერიონი” სამეცნიერო-საგანმანათლებო ჯგუფია, რომლის მიზანია მოიძიოს და გამოიკვლიოს ზოგადსაკაცობრიო სიბრძნე, რომელიც მოცემულია ბიბლიაში, ახალ აღთქმაში, დასავლურ თუ აღმოსავლურ მოძღვრებებში, კლასიკურ კაბალაში, ქართულ ისტროიულ მემკვიდრეობაში, ქართულ-იბერიულ ანბანსა და ენებში. ”იბერიონი” ამ ცოდნის საფუძველზე ეხმარება თავის წევრებს და ყველა მსურველს საკუთარი ღვთიური დანიშნულების აღსრულებაში საქართველოს საკეთილდღეოდ.
ადამიანის ღვთიური დანიშნულებაა გახდეს უზენაესი შემომქმედის თვისებების – აბსოლუტური სიყვარულის, სიკეთის უანგარო გამცემი (ალტრუისტი) და ამით მიუახლოვდეს და შეერწყას შემოქმედს. მიგვაჩნია, რომ ადამიანის ღმერთთან მიახლოვება შესაძლებელია მხოლოდ მოყვასის, ერის, საზოგადოების, სამშობლოს, მთელი კაცობრიობის სიყვარულის საფეხურების გავლით.
ამისათვის მან უნდა შეძლოს:
1. შეიცნოს საკუთარი თავი, ანუ აღმოაჩინოს და გამოავლინოს თავისი ღვთიური სული, ჭეშმარიტი “მე”, შესაბამისად, იყოს ღვთიური თვისებების მქონე, ანუ იყოს აბსოლუტური სიყვარულის და სიკეთის გამცემი. ამიტომ, საკუთარი თავის შეცნობა – ადამიანის სულიერების გამოვლინებაა.
2. საკუთარ არსებაში აღმოაჩინოს და გამოავლინოს ღვთით ბოძებული ის უნიკალური ნიჭი, ტალანტი და შესაძლებლობები, რომელიც მისთვისაა მიცემული და ინახება მის სულში, ანუ გამოავლინოს თავისი სიბრძნე.
3. სულიერებისა და სიბრძნის ძალით (გამოყენებით) უანგაროდ ემსახუროს მოყვასს, საზოგადოებას, სამშობლოს, კაცობრიობას – გაიღოს ღვაწლი, ანუ გამოავლინოს სიყვარული.
შესაბამისად, ძლევამოსილი იქნება ის საზოგადოება, რომელიც ყოველ თავის წევრს დაეხმარება მისი ღვთიური დანიშნულების აღსრულებაში, ანუ შეუქმნის პირობებს მისი სულიერების, სიბრძნის და სიყვარულის განვითარებასა და გამოვლენაში. ასე ჩამოყალიბდება თვისებრივად ახალი საზოგადოება, რომელიც იქნება ძლევამოსილი სახელმწიფოს მყარი საფუძველი.
ისეთ ქართულ საზოგადოებას, რომლის ძლიერებას საფუძვლად უდევს სულიერება, სიბრძნე და სიყვარული, ჩვენ ვუწოდეთ ახალი იბერია. სწორედ ამ ფასეულობების გამო, ახალი იბერია იქნება თვისებრივად ახალი ქართული საზოგადოება.
კორ.: რა წარმოადგენს ჯგუფის საქმიანობის საგანს: რაიმეს კვლევა, მოძიება, რაიმეს ფორმირება, რაიმეს დაცვა და შენახვა, რაიმეს გავრცელება თუ კიდევ სხვა რამ?
თ.ფ.: “იბერიონის” საქმიანობა წარიმართება ორი ძირითადი მიმართულებით: სამეცნიერო ნაწილი და პრაქტიკული ნაწილი. აქ წარმოვადგენთ მხოლოდ ძირითადს:
სამეცნიერო ნაწილი მოიცავს:
1. ქართულ (იბერიულ) – ებრაული საერთო სულიერი ფესვების კვლევა. “იბერიონს” მიაჩნია, რომ ებრაელები და ქართველები თავიანთ სულიერ მისიას კაცობრიობის წინაშე აღასრულებენ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით – თანამსახურებით. არსებობს მრავალი როგორც ქართველი, ისე უცხოელი მეცნიერების კვლევები (თვით კაბალისტური წყაროებიც კი), რომლებიც ამ ორი ერის საერთო სულიერ წარსულს ადასტურებენ.
2. ძველი და ახალი აღთქმის კვლევა მეცნიერება კაბალას და იბერიული სიბრძნის
საფუძველზე და საზოგადოებისათვის ამ მოძღვრებების ჭეშმარიტი არსის ახსნა.
3. ქართული (იბერიული) და ზოგადსაკაცობრიო ცოდნის წყაროების (ენა, დამწერლობა, ლიტერატურა, ხელოვნება, კულტურა, ლეგენდები, მეცნიერული მასალები და სხვა) კვლევა. ამ წყაროებში არსებული ჭეშმარიტი სულიერი სიბრძნის გამოვლენა.
პრაქტიკული ნაწილი მოიცავს შიდა და გარე სამუშაოს:
შიდა სამუშაო – სწავლება, ცოდნის დაგროვება იბერთა გაერთიანებული გონის “იბერთგონის’ შესაქმნელად, რომელიც იქნება საზოგადოების მეცნიერთა (ბრძენთა) საბჭო.
გარე სამუშაო – საზოგადოებრივი მოძრაობა “თანამსახურება”-ს შექმნა, მეცნიერება
“იბერთგონის” ცოდნის საზოგადოებაში გასავრცელებლად.
ბავშვებისათვის მეცნიერება “იბერთგონის’ საფუძვლების შემსწავლელი სკოლების შექმნა.
კორ.: თქვენ ახსენეთ ტერმინი “იბერთგონი” – როგორც მეცნიერება. რას ნიშნავს ის?
თ.ფ.: სულიერების, სიბრძნის და სიყვარულის თვისებების დამკვიდრება საზოგადოებაში ურთულესი საქმეა. ამას სჭირდება განსაკუთრებული, აქამდე არ არსებული ცოდნა და ძალა. ამიტომ, იბერიელები ქმნიან ერთიან რიტმს – იბერიონის რიტმს, რომლის გვირგვინია იბერთა გაერთიანებული გონი – იბერთგონი.
იბერთგონი თვისობრივად ახალი ცნებაა, ეს ცნება ჩვენ შემოგვაქვს. როდესაც ადამიანები ერთი განზრახვით, ერთი ჩანაფიქრით და ერთი მიზნის ქვეშ ერთიანდებიან, ისინი წარმოქმნიან ერთიან სულიერ რიტმს, რომელიც ისტორიაში დაგროვილ ცოდნაზე დაყრდნობით ერთიან სიმძლავრეს წარმოქმნის და რომელიც კაცობრიობის ისტორიაში შექმნილი და ამოქმედებული ყველა სხვა კოლექტიური გონისგან იმით განსხვავდება, რომ მას საფუძვლად ღვთიური თვისებები _ სულიერება, სიბრძნე და სიყვარული უდევს. “იბერიონისათვის” ცნობილია იბერთგონის შექმნის მეცნიერულად დასაბუთებული ტექნოლოგიები, რაზეც შეიძლება სხვა დროს ვისაუბროთ.
იბერთგონი ის ღვთიური ძალაა, რომელიც ქმნის ახალ იბერიას.
არ არსებობს უფრო მეტი ძლევამოსილება, ვიდრე იყო ღვთის მოკავშირე და თანაშემომქმედი.
მოძღვრებას “იბერთგონის” შექმნის პრაქტიკული, მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდების შესახებ ეწოდება “მეცნიერება იბერთგონი”, ეს მეცნიერება საკმაოდ ძველია და თანაც ყველაზე ახალი. ძველია იმიტომ, რომ მას მრავალსაუკუნოვანი ისტორია გააჩნია და ეფუძნება ბიბლიას, ახალ აღთქმას, კლასიკურ კაბალას, ქართული (იბერიული) ანბანებისა და ენების საიდუმლოს, პეტრე იბერს, იოანე ზოსიმეს, რუსთაველს, ვაჟა-ფშაველას, ილიას, აკაკის, ტატოს და მრავალ სხვა ავტორსა და ზოგადსაკაცობრიო სიბრძნეს. ახალია იმიტომ, რომ ამ სიბრძნის კვლევა და ცხოვრებაში გამოყენება ახალი იბერიის შესაქმნელად, უნდა მოხდეს ჩვენი თაობის იბერიელების მიერ. “იბერიონმა” და ქართველმა მეცნიერებმა ასეთი კვლევები უკვე დაიწყეს და მნიშვნელოვანი შედეგებიც მიიღეს. მათი სახელები ფართო საზოგადოებისათვის მალე გახდება ცნობილი. მაგრამ, ამასთანავე საჭიროა უფრო მეტი ძალების მოზიდვა და გაერთიანება, რაც ასევე “იბერიონის” მნიშვნელოვანი ამოცანაა.
ანუ, უფრო კონკრეტულად შეიძლება ასე ითქვას:
მიზანი და განზრახვა აყალიბებს იბერიელს.
იბერიელთა ერთობა ქმნის სისტემას – იბერიონს.
იბერიელები ქმნიან ერთიან რიტმს, ძალას – იბერთგონს.
იბერიელები იბერთგონის ძალით აყალიბებენ თვისობრივად ახალ ქართულ საზოგადოებას – ახალ იბერიას.
ახალი იბერია აშენებს თავისი სულიერების, სიბრძნისა და სიყვარულის შესაბამის, თვისებრივად ახალ, ძლევამოსილ იბერიულ სახელმწიფოს.
ასეთი საქართველო არის სულიერების, სიბრძნისა და სიყვარულის სიმბოლო, ეტალონი, მაგალითი მთელი კაცობრიობისათვის. ესაა ახალი იბერიის სულიერი მისია.
კორ.: რას მპირდებით მე, რიგით ქართველს თქვენს ორგანიზაციაში გაერთიანების შემთხვევაში? რას მომცემს სხვა მსგავსი ორგანიზაციებისგან განსხვავებულს და/ან რა განსხვავებულის გაკეთება მომეთხოვება?
თ.ფ.: ყველას, ვისაც სურს ეზიაროს იბერთგონის მეცნიერების სიბრძნეს და მიაღწიოს წარმატებას (უზენაესი ცოდნის პირად და ქვეყნის ცხოვრებაში გამოყენება, მისი და მისი ახლობლების ჯანმრთელობა, პროფესიული წარმატება და სხვა) და სიყვარულით ემსახუროს საქართველოს, ვიწვევთ იბერიონში.
ყველა ადამიანი, რომლის ცხოვრების მიზანი და განზრახვა _ ახალი იბერიის აშენებაა, ამასთანავე, სულიერების, სიბრძნის, სიყვარულის განვითარებით და გამოვლენით აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ამ ქმედებაში, არის იბერიელი.
იბერიელის წოდებას იმსახურებს ყველა ის პიროვნება, რომლის აზროვნების და ცხოვრების წესი ახალი იბერიის, საქართველოს სიყვარულია, მისი საცხოვრებელი ადგილისა და ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად.
საქართველოს სიყვარულის გამოხატულება იბერიელთა ურთიერთსიყვარულია, ანუ “გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი” –ს გამოვლინებაა.
იბერიონი ჯგუფია, სადაც ყოველი წევრი მის სულიერ მეგობრებთან ერთად მაქსიმალურად შეძლებს უმაღლესი მიზნის _ ღვთიური დანიშნულების აღსრულებას საქართველოს საკეთილდღეოდ.
ჩვენი ორგანიზაციის წევრობა უფრო მეტად პასუხისმგენლობა და ღვაწლის გაღებაა, ვიდრე პირადი სარგებელი მისი წევრისთვის.
ახლა თქვენ თვითონ დაფიქრდით, რას გაძლევთ ეს ყოველივე.
ინფორმაციისათვის: ჩვენს ოფისში, თავისუფლების მოედანი # 2 სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და შაბათს, 18:00 საათზე ტარდება ჩვენი შეხვედრები. ჩვენი კარი ყველასათვის ღიაა. ჩვენი საკონტაქტო ტელეფონია: 593558858 დაგვიკავშირდით და მობრძანდით. უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი.
ესაუბრა ლეილა იორდანიშვილი

No comments:
Post a Comment