შესავალი
.jpg)
ცნობილია, სწორი დიაგნოზი - გამოჯანმრთელებისაკენ
სავალი გზის ნახევარია. ჩვენი პრობლემების გადაჭრის საშუალება რომ ვიპოვოთ,
საჭიროა მათი მიზეზის გაგება. ამისთვის, ყველაზე საიმედო საფუძველი - ადამიანის
ბუნებისა და მსოფლიოს ბუნების შემეცნებაა. საკუთარი ბუნებისა და ჩვენზე მოქმედი კანონების
შესწავლით, გავიგებთ რაში მდგომარეობს ჩვენი შეცდომა და რა გზას უნდა დავადგეთ
არსებული მდგომარეობიდან გამოსასვლელად.
გარე სამყაროს
კვლევა გვიჩვენებს, რომ არაცოცხალი, მცენარეული და ცხოველური დონის
წარმომადგენლებს, მათში ჩადებული შესაძლებლობების და ინსტინქტების შესაბამისად, ბუნება მართავს. მათი საქციელი არ არის არც
ცუდი და არც კარგი - ისინი, უბრალოდ, ერთმანეთთან და ბუნებასთან გარმონიაში ყოფნის
დადგენილ კანონებს ასრულებენ.
მეორე მხრივ, ადამიანის ბუნების ღრმა
შესწავლა, ბუნების სხვა შემადგენელი
ნაწილებისაგან მის პრინციპიალურ განსხვავებას აჩენს.
ადამიანი ერთადერთი არსებაა სამყაროში, რომელსაც საკუთარი ახლობლის ექსპლუატაციით,
მასზე ძალაუფლებისა და უპირატესობის შეგრძნებით, სიამოვნების მიღება შეუძლია.
მხოლოდ ადამიანი იღებს სიამოვნებას თავისნაირებისაგან დაშორებით, განცალკევებით,
სხვებზე დომინირებით. ასეთია
ადამიანის ეგოიზმის გამოვლინება - სწორედ ის
არღვევს ბუნების წონასწორობას.
ჩვენი სიამოვნების მიღების სურვილი კაცობრიობის განვითარების
მთელი ისტორიის განმავლობაში თანდათან იზრდებოდა. თავდაპირველად ეს ვლინდებოდა მარტივ
საარსებო მოთხოვნილებებში - ჭამაში,
სექსუალურ ურთიერთობებში, ოჯახის შექმნაში. შემდეგ უფრო პროგრესული სურვილების
რიგი დადგა, ისინი გამდიდრებისაკენ,
პატივისა და დიდების მოპოვებისაკენ, ძალაუფლებასა და სამყაროს შემეცნებისაკენ
იყვნენ მიმართულნი. ეს პროცესი საზოგადოების განვითარებას, სოციალური ფორმაციების
შექმნა-შენაცვლებას ემსახურებოდა. იგი ასევე იწვევდა ძვრას სოციუმის ისეთ
სფეროებში, როგორიცაა განათლება, კულტურა, მეცნიერება, ტექნოლოგია და ა.შ. ჩვენ
ენერგიულად მივაბიჯებდით წინ, დარწმუნებულნი იმაში, რომ პროგრესი და ეკონომიური
კეთილდღეობა ჩვენს მოთხოვნილებებს
დააკმაყოფილებს და გაგვაბედნიერებს. დღეს კი ირკვევა, რომ მთელმა ამ
მრავალათასწლეულმა განვითარებამ, ბედნიერების მოლოდინის მიუხედავად, ჩიხში შეგვიყვანა.
საქმე იმაში
მდგომარეობს, რომ ჩვენი სიამოვნების მიღების სურვილის დაკმაყოფილება, რაღაც
გარკვეული დროითაც კი, შეუძლებელია. თითოეული ჩვენგანი არაერთხელ დარწმუნებულა ამაში, როდესაც ძალიან ძლიერი
სურვილი უჩნდებოდა და, ზოგიერთი მათგანი, წლების მანძილზეც კი არ ნელდებოდა. ასეა
თუ ისე, როგორც კი ვაღწევთ სასურველს, მცირე დროის შემდეგ, სიამოვნება ქრება. მის
სანაცვლოდ ჩნდება სიცარიელე, რომელიც გვაიძულებს შევუდგეთ ახალი ფასეულობების
ძიებას, იმის იმედით, რომ ისინი ჩვენს წყურვილს დააკმაყოფილებენ.
ეს
ციკლური მოვლენები როგორც ცალკეულ ადამიანს, ასევე მთელს საზოგადოებას ახასიათებს.
ათასწლეულების შედეგად დაგროვილი გამოცდილება უდავოდ იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ
არ ძალგვიძს ურყევი ბედნიერების მიღწევა, ან თუნდაც, საარსებო მოთხოვნილებების საიმედო
უზრუნველყოფა. კაცობრიობა შფოთვაში,
სასოწარკვეთილებაში ეფლობა, სწორედ ეს პროცესი არის საფუძველი კრიზისისა, რომელიც
ამჟამად, საზოგადოების განვითარების ამ ეტაპზე ვლინდება.
უფრო
მეტიც, თაობიდან თაობამდე განუწყვეტლივ მძაფრდებოდა ადამიანის ბუნებრივი
ეგოისტური მიდრეკილება - საკუთარი მოთხოვნილებების
დაკმაყოფილება ახლობლის ხარჯზე. ჩვენი თანამედროვეობა მთელი ძალისხმევით
ცდილობს სხვისი იმედების ნანგრევებზე საკუთარი კეთილდღეობის აშენებას და ამ
საკითხში სრულ წარმატებას აღწევს. ადამიანებს შორის არსებულმა მოუთმენლობამ,
განცალკევებამ, გარიყვამ და ზიზღმა საშინელ აპოგეას მიაღწია და ადამიანის მოდგმის
მომავალი განვითარება ეჭვს ქვეშ დააყენა.
ბუნების
შესწავლა გვარწმუნებს იმაში, რომ ყველა ორგანიზმის ცხოვრების პრინციპი და
ადამიანის ეგოისტური მოქმედება,
საფუძველშივე განსხვავდება. ბუნება ალტრუიზმის კანონის მიხედვით არსებობს, საყოველთაო
სარგებელზე ბუნებრივად ზრუნავს. ცოცხალი ორგანიზმის უჯრედები ურთიერთგაცემის
საფუძველზე ერთიანდებიან და მთელი ორგანიზმის ინტერესების დაცვას ემსახურებიან.
თითოეული უჯრედი იღებს მხოლოდ იმას, რაც მისი არსებობისათვისაა აუცილებელი,
დანარჩენ ძალებს კი მთელი ორგანიზმის კეთილდღეობას ახმარს.
ბუნების ყველა დონეზე ინდივიდუმი იმ მთლიანობის
საკეთილდღეოდ მოქმედებს, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს და ამით, საკუთარ სრულყოფილებას აჩენს. ცოცხალი სხეულის
არსებობა ალტრუიზმის საფუძვლის გარეშე წარმოუდგენელია, ეგოიზმი ცხოვრებას
შეუძლებელს ხდის.
დღეს, სხვადასხვა დარგში მრავალი
კვლევის შედეგად, მეცნიერება ასკვნის, რომ მთელი კაცობრიობა ერთიან ცოცხალ ორგანიზმს
წარმოადგენს. თუმცა ჩვენ ამას ჯერჯერობით ვერ აღვიქვამთ. დადგა დრო გამოვფხიზლდეთ
და შევიგნოთ, რომ ამჟამინდელი პრობლემები შემთხვევითი არ არის და, წარსულში
ცნობილი მეთოდებით, მათი გადაწყვეტა შეუძლებელია. ისინი არ გაქრება თავისთავად,
პირიქით, იმდენად გამწვავდებიან, რომ მსოფლიო საზოგადოების მასშტაბით იძულებულნი
გავხდებით ბუნების უნივერსალური კანონი -
ალტრუიზმის კანონი დავიცვათ.
ყველა უარყოფითი მოვლენა ჩვენს
ცხოვრებაში, როგორც ინდივიდუალური, ასევე გლობალური, ბუნების კანონის დარღვევის
შედეგია. ჩვენთვის სავსებით ნათელია, რომ სახურავიდან გადმოხტომა, იმის იმედით,
რომ მიზიდულობის კანონი ვინმეს შეინდობს, ჭკვიანური არ იქნება. მიუხედავად ამისა,
ჩვენთვის არ არის გასაგები საკმაოდ მარტივი რამ - ის, რომ ადამიანის
საზოგადოებრივი ცხოვრება, ჩვენი ურთიერთობების სისტემა, ბუნების აბსოლუტური
კანონებით იმართება. ამიტომ დღესდღეობით ჩვენ უნდა შევჩერდეთ, ცხოვრების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება გავაანალიზოთ, გამოვიკვლიოთ
რაში ვეწინააღმდეგებით ამ ბრძნულ კანონებს და ჰარმონიული ურთიერთობების მისაღწევად გზა
გამოვძებნოთ. ყველაფერი მხოლოდ ჩვენს შემეცნებაზეა დამოკიდებული: რაც უფრო უკეთ
გავიგებთ ბუნებრივ კანონზომიერებებს, მით ნაკლებ დარტყმებს მივიღებთ და მით უფრო
სწრაფად წავა ჩვენი განვითარება.
ბიოლოგიური
სხეულის დონეზე ალტრუიზმი არსებობის ურყევ კანონს
წარმოადგენს, ადამიანური ურთიერთობების დონეზე
კი ჩვენ თავად უნდა ჩამოვიყალიბოთ
მსგავსი მსოფლმხედველობა. ბუნებამ ეს
პრეროგატივა ადამიანებს დაუტოვა, რათა უფლება მოგვეცეს საკუთარი
ძალებით დავიწყოთ სვლა განვითარების ახალი, უფრო მაღალი
საფეხურისკენ. სწორედ ამით განსხვავდება ადამიანი სხვა დანარჩენი ქმნილებებისაგან.
ამ
წიგნში ჩვენ დაწვრილებით ვიმსჯელებთ იმ გზების შესახებ, რომლებიც მოცემული პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას
მოგვცემენ. ადამიანის შეცვლა იოლო არ არის. ჩვენ
ეგოისტებად ვართ შექმნილები და ეგოიზმთან პირისპირ შეჭიდება ჩვენს ძალებს
აღემატება, რადგანაც საქმე ადამიანის ბუნებასთან გვაქვს. პრობლემა ზუსტად რომ ისეთი
მეთოდის მოძიებაში მდგომარეობს, რომლის წყალობითაც, თითოეული ადამიანი მოინდომებს
მოყვასთან ურთიერთობების შცვლას და, ერთი მთლიანი სხეულის ნაწილების მსგავსად,
გაერთიანდება მასთან.
ბუნებამ
შემთხვევით არ მოგვივლინა საზოგადოებრივი ურთიერთობები. ღრმად რომ ჩავწვდეთ
ადამიანური საქციელის მოტივებს, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი ქმედება და საქციელი ორიენტირებულია
გარშემომყოფთა ყურადღების და პატივისცემის მოსაპოვებლად. სწორედ საზოგადოების მიერ
ჩვენი აღიარება გვაძლევს სიცოცხლის შეგრძნებას, მიუღებლობა და განკითხვა კი უზომოდ
გვტანჯავს. სირცხვილი საზოგადოების წინაშე - ადამიანისთვის ყველაზე კოშმარული და
მძიმე განცდაა. ამიტომაა, რომ უმეტეს შემთხვევაში, იმ ზნეობრივ ფასეულობებს ვემორჩილებით,
რომელსაც საზოგადოება გვკარნახობს და მის
მიერ დაწესებული პრიორიტეტების შესაბამისად ვცხოვრობთ. გამომდინარე აქედან, თუკი
ჩვენთვის შესაძლებელი გახდება ამ წესრიგის რეორგანიზაცია, ანუ წინა პლანზე ისეთი
ალტრუისტული ფასეულობების წამოწევა, როგორიცაა გაერთიანება და ერთმანეთზე ზრუნვა,
ეს თითოეულ ჩვენგანს, მოყვასისადმი ჩვენი დამოკიდებულების შეცვლის შესაძლებლობას
მისცემს.
როდესაც
საზოგადოება ადამიანს მისი საზოგადოებრივი ინტერესებისადმი ერთგულების
შესაბამისად შეაფასებს, მაშინ ყველა ჩვენი ფიქრი და ქმედება, იძულებით, გარშემომყოფთა საკეთილდღეოდ იქნება მიმართული. მაგალითად: თუკი იმის ნაცვლად, რომ ჯილდო პირადი
მიღწევებისათვის გავცეთ, როგორც ეს
დღეისათვის ხდება, ადამიანები მხოლოდ ისეთი
საქციელისთვის განვადიდოთ, რომელიც საზოგადოების კეთილდღეობისაკენაა მიმართული, -
მაშინ ყველანი ვისურვებთ ასე მოვიქცეთ, რათა საზოგადოებრივი აღიარების ღირსნი
გავხდეთ.
ამის
კვალდაკვალ ჩვენ თანდათან დავრწმუნდებით, რომ ახლობლისადმი ალტრუისტული
დამოკიდებულება - თავისთავად განძია, განსაკუთრებული და ამაღლებული უნარი, საზოგადოებრივ
აღიარებასთან, რომელსაც ის იმსახურებს, კავშირში რომც არ იყოს. საბოლოოდ, ამგვარი
მიდგომა სრულყოფილი და შეუზღუდავი სიამოვნების წყარო გახდება.
მიუხედავად
იმისა, რომ დღესდღეობით საზოგადოება ეგოისტურია, მასში ალტრუიზმის ბუნებრივ კანონთან დაახლოებისა და
შერწყმის ძლიერი წინაპირობა არსებობს. ძველი დროიდან ჩვენი განათლება და კულტურა
უანგარობის პრინციპებს ეფუძნებოდა. სახლში და სკოლაში ბავშვებს უანგარობას,
დამთმობას, ზრდილობას და კეთილგანწყობას ვასწავლით. ჩვენ მოვუწოდებთ მათ სხვებთან მეგობრული
ურთიერთობები დაამყარონ და გვინდა, რომ ისინი ახლობლებს კარგად ეპყრობოდნენ,
რადგან ეს მართებულია და ასეთი დამოკიდებულება
ადამიანებს იცავს. ამ ფასეულობების წინააღმდეგ არავინ წავა. მით
უფრო, რომ დღეს მასობრივი ინფორმაციის სწრაფი განვითარება საშუალებას გვაძლევს
ადამიანებს მთელს მსოფლიოში ალტრუისტული გზავნილი სწრაფად მივაწვდინოთ. ეს
გადამწყვეტი ფაქტორია, რისი წყალობითაც საზოგადოებას საშუალება ეძლევა გაიაზროს კრიზისის საოცარი სისწრაფით გამწვავების
ნიშნები და გლობალური გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა.
თუმცა
ეს არ არის საკმარისი. დღეს ჩვენ საარსებო
პრობლემების გადაჭრის აუცილებლობა გვმართავს, მაგრამ მომავალში აღმოვაჩენთ, რომ
საქმე ამით არ შემოიფარგლება. ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში ახლობლისადმი
მართებულ დამოკიდებულებას აყალიბებს, თანდათან
გადადის სხვა განზომილებაში, რომელიც განსხვავებულია ყველაფრისაგან, რაც აქამდე
ვიცოდით, და ამაღლებული ყველაფერზე, რაც ადრე მწვერვალად მიგვაჩნდა. ადამიანი ბუნების სრულყოფილებას ეხება.
მრავალი
თაობის ცხოვრების მაგალითზე დაგროვილი გამოცდილება საკმარისია, რომ მივხვდეთ იმას,
საით მივყავართ ბუნებრივი განვითარების კანონს.
ჩვენ
შეგვიძლია გადავდგათ პირველი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბუნების კანონის რეალიზაციისაკენ,
შევიმეცნოთ ის, რომ საერთო, ერთიან ბუნებრივ სისტემას მივეკუთვნებით და ვიგემოთ,
ამ ერთობაში მყოფი, ჭეშმარიტი ჰარმონია.
No comments:
Post a Comment