საქართველოს არაფერი სჭირს სხვისი
გადასარჩენი
დამოუკიდებლობის 20 წელი მიიწურა.
20 მძიმე და ემოციებით გადატვირთული წელი.
ახალგაზრდობიდან თვალის დახამხამხამებაში გადავედით
ასაკში, როდესაც ფილოსოფიურობისაკენ გეწევა. რა იყო, რა შინაარსი ჰქონდა ჩვენს ამ
20 წელიწადს, საიდან მოვდიოდით და სად მივედით? რამდენად გავიზარდეთ, გვასწავლა თუ
არა ჭკუა დრომ და რა შედეგები გამოვიტანეთ წარსული წლებიდან?
აბა, რა გითხრათ.
თუ კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ დიდი
ვერაფერი წინსვლა გვქონია.
შორს ნუ წავალთ. განა დამოუკიდებლობის პირველი
დღიდან ერთი და იგივე პრობლემას არ ვეჭიდებით?
ყველა არჩევნების წინ ავადმყოფებივით ვბორგავთ და
საქართველოს გადარჩენაზე მოვთქვამთ.
ყველა არჩევნების წინ თითქმის ყველა პარტია ერთი და
იმავეს გვიკიჟინებს, რომ ქვეყანას კრიტიკული დრო უდგას, ყოფნა-არყოფნის,
გადარჩენა-ვერგადარჩენის ზღვარზე ვართ და გონიერ გადაწყვეტილებას თუ არ მივიღებთ,
შეიძლება პირისაგან მიწისა აღვიგავოთ. თითქოს ახლა გვაქვს ერთადერთი შანსი და ეს
შანსიც სწორედ მათ არჩევასთან არის დაკავშირებული.
მასმედიამ მოახერხა და ადამიანი ლამის პანიკამდე
მიიყვანა. ისიც დარწმუნებულია, რომ იღუპება.
ყველა არჩევნებზე მიდის გადარჩენის მბჟუტავი იმედით
და არჩევნების დამთავრებიდან მალევე ისევ გრძნობს, რომ იღუპება.
სინამდვილეში ეს გაყალბებული სურათია.
საქართველო წააგავს ადამიანს, რომელიც დაარწმუნეს,
რომ ავადაა. განათავსეს საავადმყოფოში, რომლის სასთუმალთანაც ”ექიმებს” ზედახორა
მოუწყვიათ და ამ კაცს ერთმანეთს არ ანებებენ: არა მე უნდა ვუმკურნალო, მაგას ჩემი
ავადმყოფობა სჭირს და არა მე - გინდა თუ არა ჩემი პაციენტიაო. ზოგი ბრმანაწლავის
ოპერაციას უკეთებს, ზოგი გემაროიდს მკურნალობს და ზოგიც ფსიქიატრის ჩაქუჩს
უტრიალებს ცხვირწინ.
ჰოდა ეს ჩვენი ”ავადმყოფი” მართლა ავადმყოფი გახდა.
ხან ერთს უჯერებს და ხან მეორეს, საშველს რომ ვერ პოულობს - მესამეს და ასე
შემდეგ. ასე კი საშველი არ არის და არც იქნება.
არადა, როგორ გინდა დაარწმუნო, რომ არაფერი სჭირს.
მავანნი, ვითომ ძლიერნი ამა ქვეყნისანი მას მხოლოდ ტყავის გასაძრობად ათავსებენ
”პალატაში”. საკმარისია წამოდგეს და ჰაერზე გამოვიდეს, სიცოცხლის ხალისი დაიბრუნოს
და ყველაფერი კარგად იქნება.
არის ასეთი მეცნიერება ”სინერგეტიკა”, რომელიც სხვადასხვა
ბუნების მქონე სტრუქტურების წარმოქმნის, თვითორგანიზებისა და დაშლის
კანონზომიერებებს იკვლევს. მისი ერთ-ერთი კანონის თანახმად: ”თუ ესა თუ ის სისტემა
გამოსულია მწყობრიდან და არ ფუნქციონირებს, ან დეგრადირებს, გარედან ზემოქმედებით
მას არაფერი ეშველება. საჭიროა შევიდეთ სისტემის შიგნით, მოვიძიოთ ერთ-ერთი
”ჯანმრთელი” ქვესისტემა, რომელიც მთლიანი სისტემის იდეა-არსს იმეორებს და მისი
გააქტიურებით უნდა დავიწყოთ”. ისევ ”სამედიცინო ენაზე” ეს ასე ჟღერს: - თუ
რომელიმე ორგანოს ქსოვილი დაზიანებულია, ქსოვილს უნდა ჩამოაშორო დაზიანებული
უჯრედები, დახვიდე ჯანსაღ უჯრედებამდე და მათი სტიმულირების გზით უნდა აღადგინო
ორგანო.
საქართველო სწორედ რომ დაზიანებული და მწყობრიდან
გამოსული სისტემაა. თუ გვინდა იგი აღდგეს და სწორი ფუნქციონირება დაიწყოს, უნდა
შევიდეთ მის შიგნით და ვიპოვოთ ქვესისტემა, რომელიც მას (საქართველოს იდეა-არსს)
იმეორებს.
აქ ორი კითხვა გვაქვს გასააზრებეწლი:
1.
რა არის საქართველოს
იდეა-არსი და
2.
რომელია ასეთი
ქვესისტემა?
ადამიანის თვალსაწიერში არსებობს ორი სახის
სისტემა: ბუნებრივი, რომელსაც ბუნება თავისი უზენაესი კანონების მიხედვით ქმნის და
მარადიულია და ხელოვნური, რომელსაც ქმნის ადამიანი და დროთა განმავლობაში კვდება.
თუმცა ბუნებრივი სისტემებიც კვდება. ეს იმ
შემთხვევაში, როდესაც ის დანარჩენ ბუნებასთან ჰარმონიაში არ არის და
ეწინააღმდეგება მას. ასეთ სისტემებს ბუნება თვითონ იცილებს.
კიდევ ერთი მაგალითის მიხედვით ვიმსჯელოთ.
ბუნებაში ატომიცა და მთლიანად სამყაროც ერთმანეთის
მოდელს წარმოადგენს და აბსოლუტურად ჰოლოგრამულია. ასეა ადამიანის ორგანიზმიც. ის
რამოდენიმე ტრილიონი უჯრედისაგან შედგება. ადამიანის ნებისმიერი უჯრედი, არა აქვს
მნიშვნელობა წამწამიდან არის ის აღებული თუ ფრჩხილიდან, ხორციდან თუ ძვლიდან, ერთნაირად
წარმოადგენს ადამიანის მოდელს და ატარებს ინფორმაციას მთლიანი ორგანიზმის შესახებ.
(ნებისმიერი ადგილიდან აღებული უჯრედით შეიძლება მთლიანი ორგანიზმის კლონირება).
თუ ადამიანის სხეულში უჯრედები ერთმანეთთან სრულ ჰარმონიაში არიან, მთლიანი სხეული
ჯანმრთელია და სწორად ფუნქციონირებს. ადამიანი ლაღია და ბედნიერების გრძნებით არის
აღსავსე. ხოლო თუ რომელიმე უჯრედი არ ასრულებს შესაბამის ფუნქციას,
მაშინ ის გადაგვარდება და მთლიან ორგანიზმს ვნებს.
სწორედ ასეა საზოგადოებაც. ცალკე აღებული ადამიანი
მასში წარმოადგენს უჯრედს, რომელიც მთლიანი ორგანიზმისათვის უნდა მუშაობდეს. ყველა
შრომობს ყველასათვის. მათ შორის არსებული ჰარმონია განაპირობებს მთლიანი
ორგანიზმის ჯანმრთელობას. როდესაც უჯრედი იწყებს გამომუშავებული ენერგიის მთლიანად
საკუთარი თავისათვის მოხმარებას, ის სიმსივნედ გადაიქცევა და ჭამს, კლავს
ორგანიზმს. ბოლოს კი თვითონაც კვდება.
ადამიანის ”კიბოს უჯრედად ქცევას” განაპირობებს
მისი ეგოიზმი, რომელმაც თავისი განვითარების უკიდურეს ფორმებს მიაღწია. ასეთ
სისტემებს ბუნება იცილებს. სწორედ ასე გვეპყრობა ჩვენც. და თუ საქართველო
დეგრადირებადი სისტემაა, ეს იმიტომ კი არა, რომ მას ცუდი პრეზიდენტი, ან ცუდი
ხელისუფლება ჰყავს, არამედ იმიტომ, რომ მისი შემადგენელი სისტემური ელემენტები
არიან დაავადებული. სანამ ეს სისტემური ელემენტები, ანუ ადამიანები არ შეიცვლიან
თავის თვისებებს და ელემენტარული ეგოიზმიდან ალტრუისტულ მიდგომებს არ
გამოიმუშავებენ, მანამდე სისტემას (ამ შემთხვევაში საქართველოს) არაფერი ეშველება.
”ვითარცა მამა ზეციერი იყავნ შენც სრულ”. - ეს
ზნეობრივი, ან რელიგიური პოსტულატი კი არ არის, ადამიანის ფუნქცია და სამყაროს,
ბუნების არსებობის ხერხემალია. სამყაროში ყველაფერი ჰარმონიაშია ადამიანთა
საზოგადოებების გარდა. თუ რატომ არ შეესაბამება ადამიანი ბუნებას და რატომ გახდა
აუცილებელი მისი ”შემობრუნება” - ეს განვითარების ერთიანი პროგრამის
უმნიშვნელოვანესი საკითხია და ახლა ამაზე სასაუბრო დრო არ არის. მთავარი ფაქტის
დაფიქსირებაა. ადამიანი იქცევა როგორც კიბოს უჯრედი. ის მიმართულია მხოლოდ
საკუთარი თავისაკენ. ამით ანადგურებს საზოგადოებას და ბოლოს ამოიჭამს საკუთარ
თავსაც.
როგორი საქართველო გვინდა?
ისეთი, როგორიც დღეს არის, დეგრადირებადია მისი
სისტემური ელემენტების (ადამიანების) ეგოისტური თვისებების, და არა ცუდი
ხელისუფლების გამო და ვერ გადარჩება. მას ბუნების უზენაესი კანონზომიერება მოიცილებს.
მას ვერ უშველის ზოგადი ეროვნულ-პატრიოტული, ქრისიტიან-მართლმადიდებლური,
დემოკრატიულ-ჰუმანური მოწოდებები, მით უმეტეს მაშინ, როცა ადამიანი ვერც კი
ერკვევა ამ ცნებების არსში.
ბუნებრივი და შესაბამისად, მარადიულია ისეთი
გაერთიანება, რომელშიც ადამიანები ერთმანეთთან ალტრუისტულ მიმართებაში არიან. გამღებნი
და არა მიღებაზე ორიენტირებულნი. იმის მიუხედავად, მოსწონთ და ეპიტნავებათ თუ არა
ერთმანეთი.
ასეთი ქვესისტემა საქართველოში არ გვეგულება.
ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ ის ჩვენ თვითონ შეგვექმნა.
ჩვენი ზრდისა და წარმატების საკითხი დამოკიდებულია
არა იმაზე, კარგია თუ ცუდი ესა თუ ის პრეზიდენტი ან პრეზიდენტობის კანდიდატი.
ყველაფერს განსაზღვრავს ჩვენს შორის ”შიდა ბმულობის” ხარისხი.
აი, ახლა კი უკვე ვიცით, რა გადარჩება და როგორ.
მას არაფერი სხვისი გადასარჩენი არ სჭირს.
ის, თვითრეალიზებადი, პროგრესირებადი სისტემაა.
აქვე გავაკეთებთ განცხადებას: მოკლე ხანში ჩვენთან
მუშაობას დაიწყებს ინტეგრალური განვითარების ცენტრი. პროგრამებზე მუშაობა
მიმდინარეობს.
ნიკო
აშკარელი.
წარმატებებს ვუსურვებ ბლოგის ადმიისტრაციას. ეს მართლაც ძალიან საინტერესო საქმეა. მთავარია დაიწყოთ.
ReplyDeleteმუდამ აქტუალური, 2017 წელსაც კი :(
ReplyDelete