ერთი დაკრძალვის ქრონიკა
მას დედა გარდაეცვალა. არც ისე ახალგაზრდა, არც ისე მოულოდნელად. ბოლო ოთხი წელი იწვა და ნელ-ნელა ჭკნებოდა.
დატოვა ქმარი, შვილები, შვილიშვილები. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. გარდაიცვალა ადამიანი.
და მაინც, ჩემი მეგობრისთვის ეს ელდა იყო. აქამდე შეკითხვაზე: - როგორ არის დედა? - სევდიანი ღიმილით მპასუხობდა: - დედა მიდის.
მაინც ძალიან გაუჭირდა, როგორც ყველას.
მერე დაიწყო სამზადისი და მასთან ერთად შვილის ტანჯვაც. პროტესტის პირველი ტალღა მამის ტირილზე მოაწვა.
შვილის დღიურიდან: ,,არ ვიცოდი რას ვერჩოდი, მაგრამ მისი გაუთავებელი ტირილი და თბილი სიტყვები მაგიჟებდა. ცოცხალს სულ წარბებშეჭმუხნული ელაპარაკებოდა, მხოლოდ მითითებები, შენიშვნები და საყვედურები ემეტებოდა. ყოველთვის თვითონ იყო მართალი.
დედა რომ ცუდად გახდა, თავს ევლებოდა. სიცოცხლეში რომ ეთქვა რასაც ახლა მოსთქვამს...
დედას ვარდები უყვარდა, სახლის წინ მოაშენა სხვადასხვა ფერის. მამამ მოთხარა და თვალისგან მოშორებულ ადგილზე გადაიტანა. უყუროს ახლა მინდორს.~
ფიქრობ, თითქოს წვრილმანებია, მაგრამ ჩვენი ცხოვრება ხომ ასეთი წვრილმანებისგან შედგება? რა უფრო იოლია _ ოღონდ ,,ვაჟკაცურად” გავიტანოთ ჩვენი, თუნდაც ახლო ადამიანის გულის ტკენის ხარჯზე თუ, მისი სურვილი შევასრულოთ და მასთან ერთად ჩვენც გავიხაროთ?
ზოგჯერ ისე ჩანს, თითქოს ადამიანი რომ მოკვდება უფრო მეტ პატივს სცემენ, ვიდრე ცოცხალს. ნეტავ ვინმე მთელი სიცოცხლის მანძილზე თუ იღებს იმის ნახევარ ყვავილებს, რასაც სიცოცხლის შემდეგ მიართმევენ ხოლმე? მოაქვთ და მოაქვთ, ნაირ-ნაირი თაიგულები.
შვილი მოგვიანებით დაწერს: ,,ამათგან თითოეულს ერთხელ მაინც რომ ენახა ავადმყოფობისას დედა, ისე გაიხარებდა, ალბათ ახლაც ცოცხალი იქნებოდა”. (!)
იყო ქელეხიც! ერთი შეხედვით რიგითი და ჩვეულებრივი, მაგრამ ვფიქრობ, მაინც უკვე საკმაოზე მეტად უსიამოვნოდ გამოჩხერილი თვალში.
სრული ,,ერთობის” სურათი! აქ ყველამ ყველაფერი სხვაზე უკეთ იცის, აქტიურობს, თავის სამსახურს გთავაზობს, გულშემატკივარია და წუხს _ ,,არ შევრცხვეთ!” ნებისმიერი დავა წყდება მაგიური სიტყვით: `წესია ასე!~
ამ დროს, საქართველოში რამდენი მხარე, სოფელი და კუთხეა, წესიც იმდენია!
შვილს უნდა დაკრძალვა რაც შეიძლება უბრალო იყოს. ყველამ იცის როგორ გადაიქცევა ხოლმე ქელეხი ღრეობად. სულ ტყუილად! ყველაფერი იქნება ისე, როგორც წესია! ასეთია გარემოცვის ვერდიქტი.
`ტირილი~ სანახაობად არის ქცეული.
კედლის გასწვრივ `ჭირის მოზიარეები~ ჩამომსხდარან და ჩურჩულებენ.
მიმდინარეობს ჩუმი განხილვა _ როგორ ტირიან, რა სიტყვებს უძღვნიან მიცვალებულს, ვის როგორი თაიგული მოაქვს, რას იხდიან სადგომში, ძაძებს იკერავენ თუ მზა ტანსაცმელს ყიდულობენ, ვინ როგორი პატივი სცა.
შვილის ჩანაწერიდან: ,,როგორ მინდოდა ჩემთვის მეტირა დედა, მაგრამ ამ ინტერესით მომზირალ ხალხს რომ ვხედავდი, კრიჭა მეკვროდა. ისინი ყურადღებით გისმენენ რას იტყვი, როგორ იკივლებ, როგორ აუჩუყებ გულს. თუ გრძნობასაც დაკარგავ, ხომ კარგი _ ატყდება ფაციფუცი და შეძახილები: _ არიქა კაპლი, წყალი...! სანახაობა უფრო საინტერესო გახდება”.
იქნებ გამწარებული ჭირისუფალი ოდნავ ამეტებს, მაგრამ ვფიქრობ და, მგონი მათლა გადავაჭარბეთ: ვის რაში სჭირდება ეს უზარმაზარი სუფრები, უძვირფასესი თაიგულები, აზიიდან ჩამოტანილი მარმარილოს საფლავის ქვები, წასულების დაბადების დღის პირდაპირ საფლავზე აღნიშვნა, ვისთვის არის ეს ყველაფერი? ან გადამთვრალი ხალხის ბარბაცი წესია ვითომ?
იმდენი საკვები მორჩათ, მასპინძლები ორი დღე არიგებდნენ. არც ეს არის უცხო ამბავი, დიდი სუფრების ბოლო ასეთია. ხოლო თუ პაპანაქება ზაფხულია, მტრისას, რაც მაშინ საკვები იყრება.
დაკრძალეს დედა. ბოლო დღეც მიილია. ხალხი თავისი გზით წავიდ-წამოვიდა. შინაურები კმაყოფილები არიან: ყველაფერი კარგად იყო, როგორც წესია!
,,მარტო დარჩენა მინდოდა, მეგონა დავისვენებდი, მაგრამ თავზარდამცემი კითხვა: ვალი ხომ არ დაგედოთ? შემოგივიდათ რამე?
_ არა, ვალი არ დაგვდებია.
_ აბა, რა გაგიჭირდათ, რომ ერთი წესიერი კუბო დაგენანათ ჩემი საყვარელი ადამიანისთვის?! ნაირ-ნაირია თბილისში, ჩამომტანი არ გყავდათ თუ ფული დაზოგეთ! მე მაგისთანა უბრალო კი არა, იმისთანა მინდოდა, ლია ელიავა რომ იწვა. არ ეკუთნოდა?.~
აქ აღარ უნდა იტირო _ უნდა იცინო.
და ბარემ რაღაი ასეა, კურიოზიც...
დაკრძალვის დღეა. უცნობი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი შემოდის. სიჩუმეა, არავინ ტირის, ხმას არავინ იღებს. წინ ქალი მოდის. ჭირისუფალს რომ გაუსწორდა, (მე მის გვერდით ვზივარ) რეკავს მობილური; უფრო სწორად ჩელენტანო იწყებს ,,ლაშატე მიქანტარე...” ანუ ,,დამიბრუნე ოცნება”. ქალბატონი იბნევა, ხან ერთ ჯიბეში იყოფს ხელს, ხან მეორეში, ამასობაში ჩელენტანო უბერავს, თავს არ იზოგავს, გარედან გაოცებული ხალხი იყურება. ჩელენტანო მეორე წრეზე გადის. აჭარხლებული ქალი თვალებს უსუსურად აფახულებს. უკვე ტუჩები ეპრანჭება. კაცს ნერვები ღალატობს და გაშეშებულ ცოლს უბიძგებს: გეიარე გოგო, გეიარე ქე მაინც! ამის შემხედვარე უმრავლესობას, ვინც ოთახშია, სიცილის შეტევა ეწყება, მაგრამ ხომ სირცხვილია? ამიტომ მთელ სახეზე იფარებენ ცხვირსახოცებს და ისე უთახთახებთ მხრები. ლამის ისტერიკაა, მაგრამ ყველა `შეთანხმებულად~ მალავს და ტირილად ინიღბება. მთავარია `წესი~ არ დაირღვეს!
ისე, ყველაფერი ისე იყო, როგორც წესი მოითხოვს _ ჩვენი წესი და ტრადიცია.
ასე იქნება მომავალშიც. ჩვენ ვიცავთ ტრადიციებს.
Celentano mxeris mere mag simxeras? moidzie sanam dawer, ajobebs
ReplyDelete