ჩემი თვალით დანახული სამყარო
ახალგაზრდობა, მისი ცხოვრება და მსოფლმხედველობა, მარადიული თემაა. ასეა დღესაც. განვითარების დღევადელ ეტაპზე ბევრ სიახლეს გაეხსნა კარი. ისინი შეერწყნენ ქართულ რეალობას და ბზარიც ძველ და ახალ თაობებს შორის კიდევ უფრო გაიზარდა. როგორ ხედავენ ამ პრობლემას ახალგაზრდები? მოდი, ჩვენც ვცადოთ და მათი თვალით დავინახოთ.
რთულია დაასახელო რაიმე ერთი. უამრავი პრობლემაა, სნობიზმი, კრიმინალი, დეპრესია, ინფანტილიზმი... ახალგაზრდა სულ უფრო და უფრო სუსტი და უღონო გახდა. ადვილად ჩამოჰყრის ყურებს სიძნელეების წინაშე და ნებდება.
ის დინებას ისე მიჰყვება, რომ მისთვის უცნობია ამ დინების არსი, არ იკვლევს არის თუ არა ეს სწორედ ის დინება, რომელიც ადამიანად დაბადებულს, ჭეშმარიტ ადამიანამდე მიიყვანს. ამას სასწავლებელში ვერ ისწავლი. იქ თითქმის ყველაფერს ასწავლიან _ ადამიანობის გარდა.
მტკივნეულია, როდესაც ვხედავთ, რომ მშობლები სასწავლებლების შერჩევისას, აკვირდებიან, თუ რამდენად "წარმატებულ" და "პერსპექტიულ" საგნებს შეისწავლის მათი შვილი იმისათვის, რომ თავისი მომავალი მაძღარი კუჭით უზრუნველჰყოს. ასეთი მიდგომა ახალგაზრდებს სულიერი განვითარებისაკენ სავალ გზას უხშობს და კიდევ უამრავ პრობლემას ბადებს. თუმცა ყველაფერს სასწავლებელში ვერ ისწავლი.
საუკუნეთა განმავლობაში დიდი იყო ეკლესიის როლი ადამიანში სულიერი პიროვნების ჩამოყალიბებაში და დიდია დღესაც. თუმცა, "ცივილიზაციამ" ადამიანს მხოლოდ მორალური პრინციპების რღვევისა და საცხოვრებელი პლანეტის დაზიანებისაკენ როდი უბიძგა, მან ეკლესიასაც არანაკლები წარმატებით გამოუთხარა ძირი და დაასუსტა. რასაკვირველია, ტაძრების მშენებლობას და რიტუალების შესრულებას არ ვგულისხმობ. ეს მხოლოდ ზედაპირული მხარეა - უსარგებლო ფორმალობა და თავის მოტყუება, რელიგიაში ჩადებული მორალური პრინციპების გათვალისწინების გარეშე. ამ უკანასკნელს კი სულ უფრო იშვიათად ვაწყდებით, სამაგიეროდ იმატებს ეგოიზმი, ტერორიზმი, ძალადობა, ღალატი და ისეთი ქმედებები, რომლებიც ადამიანს სულიერ კრახსა და დაღუპვას უქადის.
ამ ბოლო ხანს ეკლესიის უმოქმედობამ (კიდევ ერთხელ: ტაძრების შენებასა და ახალშობილთა მასიურ შთაფლვას არ ვგულისხმობთ) თავისი არსით უცნაური მარაზმატული შინაარსის მქონე ორგანიზაციების შექმნასაც კი შეუწყო ხელი. ისინი თავიანთ საქმიანობას სწორედ მართლმადიდებლური პრინციპების დაცვის საფარქვეშ ეწევიან. მათ წინამძღოლს თავად პატრიარქი აჯილდოვებს ქართული საზოგადოებისათვის გაწეული სამსახურისათვის. ეს ფაქტი ეჭვს გიჩენს: ხომ არ აძლევს ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესია ადამიანებს იმის საშუალებას, რომ რელიგია თავისი ინტერესების მიხედვით მოირგონ?
სულიერ მოტივებს მოკლებული მასა თითქოს ორ ნაწილად იყოფა, ერთი რადიკალურ ფანატიზმშია გადავარდნილი, მეორე მოვალეობის მოხდის მიზნით ასრულებს რიტუალებს, მათი "ეკლესიური ცხოვრება" ემსგავსება ვაჭრობას ღმერთთან. მხოლოდ რიტუალების აღსრულება ხომ არაფერს იძლევა, ღმერთის `გული~ ხომ არც დანთებული სანთლების რაოდენობით ან ფასით, და არც სპორტული ჟინით მიღებული ზიარებების რაოდენობით არ მოიგება. ის ხომ მარადიულია, უცვლელია ადამიანის მიმართ და თუ თავად ადამიანი არ შეიცვალა მის (და სხვა ადამიანების) მიმართ, ანთებული სანთლები ისევ უნუგეშოდ ჩაიწვება "ნუგეშისმცემელი" ხატების წინ და ასე იქნება დაუსრულებლად.
ადამიანის სულში გაჩენილი ამ საშინელი ქაოსის მიზეზად "ჰარი პოტერის", "ჰელოვინის", "შავი მაგიის" და ა.შ. დასახელება არასწორია. არადა სწორედ ასეთი ახსნა მკვიდრდება ტრადიციად.
ამ დროს მეორე პარადოქსული მხარე: შავს რაც შეეხება, სწორედ შავი გაგებაა, რომელიც საქართველოში უკვე სუბკულტურად იქცა და სწორედ ეს სუბკულტურა გვევლინება ჩვენი მართლმადიდებელი მრევლის სულ მცირე ერთ მესამედად. ესენი არიან იმ მორალური კოდექსის ადამიანები, რომლებიც; ჰკლავენ `მოსაკლავს" (არა კაც ჰკლა), იპარავენ "მოსაპარს" (არა იპარო), უკაცრავად და ტ... -ნ "მ... -ს" (არა იმრუშო). საინტერესოა, როგორ ახერხებს ეს ორი მორალი თანაცხოვრებას ერთად?
ასეთი გაუგებრობა კიდევ ბევრია, მაგრამ მათი თხრობა ბევრ დროს წაგვართმევს...
იბადებიან და კვდებიან რელიგიები და სექტები, ფილოსოფიური მოძღვრებები და სოციალური წყობები, იბადებიან და კვდებიან ადამიანები... გაცვეთილსა და ბანალურ დოგმებში დაიმალა ჭეშმარიტი გზა და მარადიული ბედნიერების გასაღები.
გამძვინვარებული ეგოიზმის ტალღა, ისედაც სულიერად მისუსტებულ პიროვნებას ხელს უშლის ეძებოს ეს გზები. ადამიანი თითქოს ურთულეს ლაბირინთში გაიხლართა.
სამწუხაროდ, დღეს ეკლესიამაც დაივიწყა ადამიანთათვის იმ თვისებების შეძენის გზების გაზიარება, რომლებსაც თვითონ ქადაგებს. ერთი საინტერესო ფაქტი მაგალითისათვის: მრევლი, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი სულიერი მოძღვარი (მხოლოდ იმიტომ რომ ის სიკეთეზე ლაპარაკობს), ვერაფრით ახერხებს შეიყვაროს თავისი გარემოცვა, რომელიც ისეთივე ადამიანებისაგან შედგება, როგორიც ეს სულიერი მოძღვარია. ადამიანებს გვძულს ერთმანეთი და ამის მიზეზად უამრავ ფაქტორს ვასახელებთ და არ ვფიქრობთ, რომ იმ უარყოფით მხარეებს, რომლებსაც სხვებში ასე ადვილად შევნიშნავთ ხოლმე, საერთოდ ვერ აღვიქვამდით, ჩვენშიც რომ არ იყოს...
რა თქმა უნდა ძნელია შეიყვარო სხვა უანგაროდ, დაინახო მასში შენი თავი...
ძნელია შენსა და შენს გარშემო არსებულ ადამიანთა შორის დამოკიდებულებაში შეიცნო შემოქმედი... ამაზე გაცილებით იოლია გაჯიუტდე, რომ გიყვარს კედელზე დახატული ფრესკა, გარეგნულად ეს მართლაც ძალიან ჰგავს რწმენას, თუმცა ადამიანი, ვინც ვერ იტანს კარის მეზობელს, ვერ შეიყვარებს შემოქმედს, რომელიც ალეგორიებში მიმალული, ჯერ კიდევ შეუცნობელია კაცობრიობისათვის. მოყვასისა და უფლის სიყვარული ადამიანური მორალის ქვაკუთხედია, მის გარეშე სამშვენისად ჩამოკიდებული ჯვარი კი, ალბათ ყველაზე დიდი მკრეხელობა და ფარისევლობაა, თუმცა ზოგჯერ სრულიად გაუცნობიერებელი.
ყველა ამბობს, რომ სიკეთე კარგია, მაგრამ როგორია ეს სიკეთე, როგორია მისი სტრუქტურა... ალბათ არ არსებობს სიკეთე, თუ მას სამი რამ: სიბრძნე, სიყვარული და რწმენა არ გააჩნია. სიბრძნე სიყვარულის გარეშე ბოროტებაა, სიყვარული სიბრძნის გარეშე კი ფანატიზმი და სიბრმავე, როდესაც ეს ორი ფაქტორი არის ერთად, მაშინ იბადება რწმენა, რომელიც აღემატება ყველანაირ ცოდნას და მასში ახმიანებული უკვდავი სული დაგვისახავს გზას ჭეშმარიტებისაკენ.
ასეთი სიკეთე, ყველაზე დიდი სიკეთე იქნება თვით ჩვენთვის, რადგან საშუალებას მოგვცემს ზუსტად გავერკვეთ ამ, ერთი შეხედვით, ჭრელი და არეული სამყაროს `დინებაში~ და ვიპოვოთ ჩვენში რეალური ადამიანის არსი.
დავით დიასამიძე
No comments:
Post a Comment