Wednesday, February 22, 2012


 ნახატებში აჟღერებული მუსიკა



მხატვრობისა არაფერი მესმის. მხოლოდ მომწონს, ან არ მომწონს ნახატი. ანალიზს ვერ ვაკეთებ. აქ კი კედლები კალმით და ტუშით შესრულებული გრაფიკული ნამუშევრებითაა სავსე. თითოეული უამრავი პაწაწინა დეტალის ურთიერთკავშირს – ერთ მთლიან კომპოზიციას წარმოადგენდს. ვდგევარ და ვუკირკიტებ. აქ ყევლაფერია: ადამიანები, მზე, მთვარე, ყვავილები, კოშკები, უცნაური ფიგურები, გეომეტრიული ფორმები, ნივთები –ერთმანეთში შერწყმული, შეკრული და ერთიანი, როგორც სამყარო.
მხატვარი ჩუმად მიყურებს. მგონი სიმფონიურ მუსიკას ვუსმენ-მეთქი, ძლივს ამოვღერღე. გაეღიმა, “სხვებსაც უთქვამთ” – მიპასუხა მშვიდად. ამ ერთდროულად მარტივი და რთული სიმბოლოების აღწერა ჩემს ძალებს აღემატება, ეს უნდა ნახოთ. ამ სინთეზური ხელოვნების ავტორი პროფესიით მუსიკოსი, ლოტბარი, პრიმიტივიზმის ფესტივალის ლაურეატი გახლავთ. იგი ჩვენს სახელოვან ნიკო ფიროსმანთან ერთად, ამ მიდინარეობის (ჭორდ Eნცყცლოპედია ოფ Nივე Aრტ) მხატვართა პირველ ათეულში შედის. ჰქონია პერსონალური გამოფენები თბილისში, მოსკოვში, რიგაში, დუბნაში, ბორდოში, მინსკსა და ტალინში. ჩვენ ქალბატონ ირინა გაგუას ვესაუბრებით:


კორ.: ქალბატონო ირინა, მოგვიყევით თქვენ შესახებ.
ქ-ნი ირინა: დავიბადე თბილისში, ვცხოვრობდი ძველ უბანში, ჩახრუხაძის ქუჩაზე, იტალიურ ეზოში. ეს იყო დრო, როცა ქალაქში მოძრაობდა ცოტა მანქანა, ცხოვრობდა ცოტა ხალხი და ტრიალებდა მეტი სიყვარული, ვიდრე ახლა. გავიზარდე საოპერო მომღერლების ოჯახში. დედა, ნინა გოლუბევა, თბილისის ოპერის თეატრის სოლისტი იყო. მას არაჩვეულებრივი ხმა ჰქონდა – ლირიკა კოლორიტულ სოპრანოზე. მამა, ვლადიმერ გაგუა, ასევე ოეპრის მომღერალი, დასის ხელმძღვანელი, ცნობილი თეატრალური მოღვაწე იყო. 30-იან წლებში მან დასთან ერთად მთელი საქართველო შემოიარა სპექტაკლებით. ასე რომ, მუსიკალურ გარემოში, ფაქიზ სამყაროში გავიზარდე. მადლობა განგებას ამისთვის.  
კორ.: პროფესია როგორ აირჩიეთ.
ქ-ნი ირინა: ასარჩევი არაფერი მქონდა. მინდოდა მხოლოდ მუსიკა, მეტი არაფერი. დავამთავრე პირველი მუსიკალური სასწავლებელი, შემდეგ სარაჯიშვილის სახელეობის თბილისის კონსერვატორია, საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი. ძალიან მიყვარდა ბავშვებთან მუშაობა, ბევრი ფესტივალის და ოლიმპიადის ლაურეატები გავხდით. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ ქალაქ დუბნის ბავშვთა სტუდიაში მიმიწვიეს გუნდის ლოტბარად. დუბნა, მოგეხსენებათ ფიზიკოსების ქალაქია, მაგრამ ხელოვანებიც ხშირად ჩამოდიოდნენ. ძალიან საინტერესო საზოგადოება იკრიბებოდა “მეცნიერთა სახლში”. აქ შევხვდი რერიხებს, ბლავატსკაიას... ყველას ვერც ჩამოვთვლი. იმის მიუხედავად, რომ საინტერესო ცხოვრება მქონდა, საქართველოზე ფიქრი არ მტოვებდა. ჩემი პირველი ნახატი, ნოსტალგიით შთაგონებული, არის “ზაფხული, ოქროყანა” (ფერწერა). ძირითადად მთებს ვხატავდი. ხატვის სწავლა დავიწყე სურიკოვის სასწავლებელში, მაგრამ მივატოვე, ისევ მუსიკაში დავრჩი.
კორ.: მე თქვენი სურათებიდან მუსიკა მესმის.
ქ-ნი ირინა: მუსიკა ჰარმონიაა, სინთეზი. იგი ყველაფერშია. არქიტექტურა გაჩერებული მუსიკაა. მხატვრობაში ევრტიკალური ხაზი არის ქართული ხალხური სიმღერა. ის, რაც თქვენ იგრძენით, ეს არის თვალის და ყურის შეგრძნებები ერთდროულად.
კორ.: რისთვის გაჩნდით, თქვენს ადგილზე ხართ?
ქ-ნი ირინა: აბსოლუტურად! გავჩნდი იმისთვის, რასაც ვაკეთებ! როცა აკეთებ იმ საქმეს, რისთვისაც ჩაგიფიქრეს, ბედნიერი ხარ!
მადლობელი ვარ ღმერთის, რომ გავჩნდი საქართველოში, კეთილ მიწაზე, მუსიკალურ ერში. მუსიკალურ აზროვნება სხვა არაფერია, თუ არა სამხმოვანი სიმღერა. აქედან მოდის ჩემი ნახატები.
კორ.: თქვენი აზრით, რა არის მთავარი ცხოვრებაში?
ქ-ნი ირინა: ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ მთავარია დამოკიდებულება სამყაროსადმი. ჩემთვის მნიშვნელოვანია ქალაქში არ დადიოდნენ მშიერი ადამიანები, კატები და ძაღლები.
კორ.: როგორ მოქმედებს თქვენზე გარემო?
ქ-ნი ირინა: როგორც თითოეულ ჩვენგანზე. ჩვენ ვართ საზოგადოებაში. ბევრი მეგობარი მყავს, არ ვარ ჩაკეტილი. დავდივართ ბუნებაში. საერთოდ ხშირად ვცდილობ ვიყო მეგობრებთან. მიყვარს მეგობრები.
კორ.: რას ფიქრობთ მას-მედიის საშუალებებზე?
ქ-ნი ირინა: კარგი იქნებოდა ისეთი გადაცემები, ჰუმანური და შემეცნებითი, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ადამიანებზე, მეტი ყოფილიყო.
კორ.: მომავალში რას ხედავთ, რა არის თქვენი აუსრულებელი ოცნება?
ქ-ნი ირინა: მე ოპტიმისტი ვარ და მინდა საქართველო ბედნიერი ვნახო.
კორ.: ასრულების საშუალება?
ქ-ნი ირინა: სიყვარული.
კორ.: რა აშორებთ ადამიანებს ერთმანეთისგან?
ქ-ნი ირინა: ეგოიზმი.
კორ.: რა აახლოებთ?
ქ-ნი ირინა: ერთად გადატანილი სიძნელეები.
კორ.: რას უსურვებთ ადამიანებს?
ქ-ნი ირინა: არ ჩაუარონ ერთმანეთს შორიახლოს.
კორ.: რას უსურვებთ საკუთარ თავს?
ქ-ნი ირინა: განვაგრძო მუშაობა საკუთარ თავზე. გამიფართოვდეს ცნობიერება.
კორ.: რას უსურვებთ გაზეთს?
ქ-ნი ირინა: ვუსურვებ გაიზიაროს ადამიანის ტკვილი და შეძლოს გააერთიანოს ისინი.
კორ.: ყველაზე მეტად რა გახარებთ?
ქ-ნი ირინა: ახლობლების სიყვარული და მეგობრობა.
კორ.: დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. გისურვებთ ბევრ სიყვარულს და სიხარულს.
ქ-ნი ირინა: თქვენც მადლობა.
ვტოვებ ქალბატონ ირინას. მხატვრობაში არაფერი გამეგება, მაგრამ მის ნახატებში გაჟღერებულ მუსიკას შევიგრძნობ, რომელიც მეფერება და მომაცილებს. მომავალ შეხვედრამდე.
G                                            გულო კაპანაძე

No comments:

Post a Comment

ჩვენი ტელევიზია

tanamoziare on livestream.com. Broadcast Live Free