Wednesday, February 22, 2012


 რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ თავი ბედნიერ ადამიანად ვიგრძნო?
არხეინა: არაფერი არ უნდა გააკეთო - უნდა იგრძნო. აჰ, ვერა? მაშინ აბა, დააკვირდი, რა გიშლის ხელს?
შენში ცხოვრობს ერთი დიიიდი რამ - სიამოვნების მიღების სურვილი. გიპყრობს ეს სურვილი და სად არ დაგარბენინებს, რას არ გაკეთებინებს, ოღონდ საკუთარ დაკმაყოფილებამდე მიგიყვანოს.
ხედავ შენს გარეთ სამყაროს და გინდა ყველაფერი: კაი სმა-ჭამაც, კაი ცოლიც, (უფრო ლამაზიც), ფულიც, თანამდებობა და ძალაუფლებაც, სახელი და პოპულარობაც. ყველაფერი გინდა. არ არის ცუდი. ამას ვინ აგიკრძალავს.
მაგრამ ერთი მაცდური თვისება აქვს ამ სურვილებს: დაიკმაყოფილებ ერთ-ერთ მათგანს და მეორეზე გაგირბის თვალი. მერე,  დაკმაყოფილებისთანავე ისიც გიქრება. მაშინვე გრძნობ, რომ ისევ რაღაც გაკლია. ისევ ეძებ. აი, ეს არის იმისი მიზეზი, ადამიანი რომ ვერ გრძნობს თავს საბოლოოდ დაკმაყოფილებულად და ბედნიერად.
სურვილებზე უარის თქმა არც იფიქრო. არაფერი გამოგივა. ისინი შენში შენი ნებით არ ჩნდება. ეგ რომ კაცის ნება ყოფილიყო, საკუთარ გაჩენასაც არ ინატრებდა, არა თუ ისეთი სურვილებისას, რომლებიც ქრება.
მაგრამ შენ რომ ისე იყო მოწყობილი, სიამოვნების განცდა მაშინ კი არ გიჩნდებოდეს, როდესაც საკუთარი სურვილის დაკმაყოფილებას იწყებ, არამედ მაშინ, როდესაც სხვის სურვილს აკმაყოფილებ?!
მაგრამ შენ არანაირად არ შეგიძლია საკუთარი თავის შეცვლა.
 შენ მხოლოდ ერთი რამე შეგიძლია, გინდოდეს ეს. აბა, სთხოვე, ისე ”გადაგაწყოს”, ისეთი სურვილები მოგცეს, რომელიც შენი საკუთარი სიამოვნების ძებნისათვის კი არ დაგარბენინებდნენ, არამედ სხვისა. წარმოგიდგენია რა მოხდებოდა?  შრომობ სხვისი კარგად ყოფნისათვის (ის შეიძლება ვერც მიხვდეს, ვინ ხარ) და სიამოვნებას განიცდი. ავსებ, აკმაყოფილებ სხვას და კიდევ გინდა. სურვილი არ გიქრება, არ გიკვდება. მოწყენის, მოყირჭების შეგრძნება არ გაწვება. იშრომე და იღვაწე უსასრულოდ. უსასრულოდ ბედნიერი იქნები.
შენ ფიქრობ, რომ ეს შეუძლებელია? - ერთი შეხედვით შეუძლებელია, მაგრამ ვინც (ან რამაც) ასეთად გაგაჩინა, იმისთვის არის შესაძლებელი. იმიტომ რომ ის, თვითონ არის ასეთი. აბსოლუტური ალტრუისტი. მთავარია, შენ გინდა თუ არა ასე ”გადაეწყო”? (თუ ამ წინადადებას მთელი გულისყურით კითხულობ, ახლა სულ მცირე სიამოვნების განცდა მაინც დაგივლიდა).
ბუნების უზენაეს კანონს ადამიანი ამ შეგრძნებისაკენ მიჰყავს და სწორედ ამ მოთხოვნას უჩენს: ”გადამაწყე ისე, რომ ვიღვაწო სხვისთვის და ამით ვიყო ბედნიერი”.
შენ ჯერ არ გაგჩენია ასეთი მოთხოვნა? მაშინ გამოეკიდე ახლად გაჩენილ სურვილს და როდესაც დაიკმაყოფილებ და ისევ შინაგან სიცარიელეს იგრძნობ, ისევ დამისვი ეს შეკითხვა: რატომ არ ვგრძნობ თავს ბედნიერად-თქო. მეც არ დაგზარდები და ისევ გიპასუხებ. 

No comments:

Post a Comment

ჩვენი ტელევიზია

tanamoziare on livestream.com. Broadcast Live Free