ქალაქის შესასვლელთან მოგზაურის ყურადღება შუა მინდორზე ახლად გათხრილმა საფლავმა მიიპყრო. თავთან უბრალო ხის ფიცარზე ეწერა: “აქ განისვენებს იოსელი.”
უცხო მგზავრს უცნაურად მოეჩვენა: აქ რატომ დაასაფლავეს ეს კაცი? ნუთუ ადგილი ვერ მოიძებნა სასაფლაოზეო?
ქალაქში რომ შევიდა, რაბინი მოძებნა და განმარტოებულ საფლავზე მიანიშნა.
რაბინმა თავი ჩაიქნია და მხრები აიჩეჩა:
- მართალი თუ გითხრა, გაუმართლდა, რომ საერთოდ დაასაფლავეს. ფაქტიურად, მე მივაბარე იგი მიწას. არავის მიუღია ამაში მონაწილეობა, არავის დაუტირია იგი. იოსელი ყველაზე ძუნწი ადამიანი აღმოჩნდა ამქვეყნად. მაშინაც კი, როცა გაიგო, რომ
მისი დღეები დათვლილი იყო, დამკრძალავმა ბიურომ შესთავაზა დასაფლავების თანხა შეეტანა, მან კი უარი განუცხადა. კაცს რამდენიმე დღის სიცოცხლე დარჩა, ის კი საკუთარი თავის დასამარხ უმნიშვნელო თანხასაც ვერ იმეტებს. გაგიგონიათ ასეთი რამ?
ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა. კართან ძონძებში ჩაცმული ღარიბი კაცი იდგა. მის თვალებში მწუხარება და უიმედობა იგრძნობოდა.
- რით შემიძლია დაგეხმარო? - ჰკითხა რაბინმა.
საწყალმა სასოწარკვეთით ამოიხვნეშა:
- ცოტა ფული მჭირდება, ოჯახში საჭმელი რომ მივიტანოო.
რაბინმა ჯიბიდან საჭირო თანხა გადასცა, რომ ისევ კაკუნი გაისმა. კართან მეორე, სიღატაკისგან გატანჯული კაცი იდგა.
- რა შემიძლია შენთვის გავაკეთო? - ჰკითხა რაბინმა. ცოტაოდენი ფული მომეცით, პური რომ ვიყიდოო. რაბინი ფულს რომ აძლევდა, დაინახა, უამრავი ღატაკი მოემართებოდა მისკენ.
- რა ხდება? - გაუკვირდა რაბინს. - არც კი ვიცოდი, რომ ამდენი ღარიბი ცხოვრობდა ჩვენს ქალაქშიო. მიუბრუნდა კართან მდგომს:
- როგორ მოხდა ეს? სად იყავით ადრე? რატომ გამოჩნდით ყველანი ერთად?
ღარიბმა სინანულით უპასუხა:
- დღემდე მსგავს დახმარებას ჩვენგან არავინ საჭიროებდა, რადგან ქალაქის ამ უბანში ვიღაცა ზრუნავდა ჩვენზე. ის ყოველ ოთხშაბათს, შუაღამიდან ხუთშაბათის დადგომამდე როგორღაც ახერხებდა კონვერტებში ჩადებულ კვირის სამყოფი თანხის
კარის ქვეშ ამოდებას. მოვიდა და გავიდა ოთხშაბათი, მაგრამ არავითარი კონვერტები არ ჩანს. რა ვქნათ ახლა ჩვენო?
რაბინი ოთახში ფულის დაგროვებით იყო დაკავებული და ხმამაღლა გაკვირვებას ვერ მალავდა. მაგრამ სტუმარი აღმოჩნდა უფრო გამჭრიახი და, სანამ რაბინი ფულს ურიგებდა, ჰკითხა:
- სხვათა შორის, რომელ დღეს გარდაიცვალა თქვენი იოსელი?
- გასულ ხუთშაბათს, - უპასუხა რაბინმა.
- დღესაც ხუთშაბათია. ეჭვი არ გეპარებათ, რომ ფულიანი კონვერტების გაუჩინარება ემთხვევა თქვენი ძუნწი იოსელის სიკვდილსო?
რაბინიც და ღარიბებიც გაოგნებულები მისჩერებოდნენ მოგზაურს.
სხვაგვარად ვერ ავხსნი მომხდარს. თქვენ ქალაქში უცხო ადამიანები ხშირად არ მიდი-მოდიან. თუკი სხვა არავინ გამგზავრებულა და არც მომკვდარა, მაშასადამე ეს იოსელი იყო. რაბინს თვალები გაუფართოვდა - ჯერ გაკვირვებისგან, მერე კი ჭეშმარიტების შეგნებისგან.
იოსელი ძუნწი იყო, მაგრამ ძუნწი წმინდანი. ყველა ცუდს ფიქრობდა მასზე, და მასაც ეს უნდოდა. იმ დღეს რაბინმა დაინახა, როგორ დასტიროდა მთელი ქალაქი იოსელის წასვლას, ლოცულობდა მისთვის და პატიებას თხოვდა. საფლავის გარშემო მინდორი სავსე იყო ხალხით - ვინც ფიქრობდა, რომ ის არ იმსახურებდა პატივისცემას, და ვისაც ახლა ჭეშმარიტ წმინდანად მიაჩნდა.
იმ დღესვე მოხდა კიდევ ერთი, უთუოდ მოულოდნელი მოვლენა. როცა რაბინი ხალხს ესაუბრებოდა იოსელზე, როგორც ძუნწ წმინდანზე, უცებ იგრძნო,რომ კონტაქტს კარგავდა გარემო სამყაროსთან. მას ხილვა ჰქონდა. თითქოს სადღაც ზეცაში იოსელის
გვერდით იდგა:
- იოსელ, ვწუხვარ, რომ ასე უსამართლოდ მოგექეცით სიცოცხლეში. ჩვენ არაფერი ვიცოდითო.
- რა თქმა უნდა, არ იცოდით, - კეთილგანწყობით უპასუხა იოსელმა, - არც კი მინდოდა, რომ გცოდნოდათ.არ ვცდილობდი, რამე შემეძინა ან სახელი მომეხვეჭა. მე გაღება მსურდა და არა მიღებაო.
- და მაინც, - მიუგო რაბინმა, - ალბათ ღირსეულად ხარ დაფასებული ზეციურ სამყაროში. დარწმუნებული ვარ, რომ უდიდეს პატრიარქთა შორის - აბრაამთან, ისააკთან იაკობთან, მოსესა და დავითთან იმყოფები. ამ წმინდათა ჩამოთვლამ მოწიწებული თრთოლვა გამოიწვია რაბინში. მან იოსელის მზერაში რაღაც
მოწყენილობა შეამჩნია.
- განა ამ დიდებულ სულებთან ყოფნა არაა ჩვენი ცხოვრების მიზანი? განა ამაზე არ ოცნებობს ყოველი ჩვენგანის სული?
- დიახ, ეს სასიამოვნოა, მაგრამ . . .
- რა მაგრამ? - სუნთქვა შეეკრა რაბინს. - რა მაგრამ?
იოსელი მოულოდნელი დამაჯერებლობით ალაპარაკდა:
- მაგრამ ვერაფერი, თვით უფლის გვერდით ყოფნაც კი ვერ შეედრება იმ შეგრძნებას, რომელსაც ოთხშაბათ ღამეს, კარის ქვეშ კონვერტების შეცურებისას განიცდიო.
No comments:
Post a Comment